საფრანგეთი

ფრანსუა ოლანდი ფრანგულ პოლიტიკაში დაბრუნდა და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

Bertrand Guay/AFP via Getty Images

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. მან 15 ივნისს თქვა, რომ დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ოლანდის თქმით, ის ახალი სახალხო ფრონტის სიით სამხრეთდასავლეთ კორეზის ოლქში იბრძოლებს საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. ახალი სახალხო ფრონტი საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციური პარტიების ალიანსია, სადაც შედიან ეკოლოგისტები, საფრანგეთის კომუნისტური პარტია და პარტია მეამბოხე საფრანგეთი. მემარცხენე ფლანგის ერთ-ერთი ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონია. 

ფრანსუა ოლანდის თქმით, მისი ეს ნაბიჯი არასტანდარტული გადაწყვეტილებაა, რაც საფრანგეთის არაორდინალურმა მდგომარეობამ გამოიწვია. 

"მე არაფერი მინდა ჩემი თავისთვის, მე მხოლოდ მინდა, რომ საფრანგეთის სამსახურში ვიყო" - თქვა ფრანსუა ოლანდმა. 

ფრანსუა ოლანდი აქამდეც მხარს უჭერდა მემარცხენე პარტიებს და მათ ალიანსს და საჯაროდ აფიქსირებდა აზრს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები საფრანგეთის ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდნენ. ფრანსუა ოლანდი 2012-2017 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ერთი ვადით იყო. 

კომენტარები