Meta

რატომ ქრება პოსტები ფეისბუქიდან?

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook პლატფორმაზე მრავალ მომხმარებელს პირადი კედლიდან და პროფილის ისტორიიდან გაუქრა გამოცემა მთის ამბებიდან გადაზიარებული ლინკები, ვიდეოები, პოსტები და მათზე დატოვებული კომენტარები. 

დღეს, 15 ივნისს,  მთის ამბებმა აღნიშნულ პრობლემაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

გამოცემის თქმით, მთის ამბების Facebook გვერდიდან მასობრივად იშლება შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, კორუფციასა და სხვა თემებზე მომზადებული საგამოძიებო ფილმები და მასალები.

"რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკ გვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას". - წერს მთის ამბები Facebook-ზე.

იდენტური პრობლემა დაფიქსირდა ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის შემთხვევაშიც.

ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით გუშინ, 14 ივლისს, საქართველოს სასამართლოს გუშაგს წაუშალეს სამოცამდე პოსტი, სადაც გადაზიარებული იყო სტატიები Courtwatch.ge-დან. 

Facebook-ის ქართველი მომხმარებლები აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა საკითხს უკავშირებენ - მათ შორის, რეჟიმის მხრიდან მიზანმიმართულ შეტევას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედია გამოცემებზე.

თუმცა, იგივე პრობლემაზე რამდენიმე დღეა გლობალური მასშტაბით სხვადასხვა მედიებიც საუბრობენ.

ბრიტანული გამოცემა Pressgazette-ის ცნობით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა დამოუკიდებელ მედია პლატფორმასა და გამოცემის Facebook გვერდებზე განთავსებული პოსტები Meta-მ ერთგვარ სპამად (არასასურველ კომერციულ კონტენტად) მიიჩნია და წაშალა. 

Pressgazette-ის თქმით, აღნიშნულ საკითხზე Meta-ს არაერთმა მსხვილმა თუ პატარა დამოუკიდებელმა რედაქციამ მიმართა, თუმცა არცერთ მათგანს მიუღია კომპანიისგან დეტალური უკუკავშირი.

პოლონური გამოცემის, wlkp24.info-ს რედაქტორმა, სებასტიან მატიშჩაკმა Pressgazette-თან განაცხადა, რომ ის ამ საკითხს რამდენიმე კვირის მანძილზე ხედავდა. 

მატიშჩაკის თქმით, Meta-ს ფილტრაცია შეეხო ისეთი ტიპის ნიუსებს, რომელიც როგორც ყოველდღიურ, ასევე ლოკალური პოლიტიკის და საქველმოქმედო ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა.

განსხვავებული შემთხვევა ჰქონდა გამოცემა Birkenhead-ის რედაქტორს, დევიდ ჰამფრის. 

როგორც ჰამფრი გამოცემასთან ამბობს, Birkenhead-ს საპარლამენტო არჩევნების თემაზე სტატია "ლაიქების, მიმდევარების, ნახვების მოგროვების და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო" წაუშალეს. 

კომენტარები