ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის პრესპიკერის თქმით, არავინ იცის ამჟამად რამდენი მძევალია ცოცხალი

WSJ

ჰამასის პრესსპიკერის ოსამა ჰამდენის ცნობით, ამჟამად არავის აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი მძევალია ცოცხალი ღაზის სექტორში. მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მხარეები მიაღწევენ უნდა მოიცავდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შეთანხმების მიღწევამდე ისრაელს ვერ მიაწვდიან ინფორმაციას ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების შესახებ

CNN-თან საუბრისას ოსამა ჰამდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ წამოყენებული ზავის პროექტი ბოლომდე არ შეესაბამება ჰამასის მოთხოვნებს ომის დასრულების შესახებ. მისი თქმით, ჰამასს სჭირდება გარანტიები, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობას იღებს და ღაზიდან ჯარს სრულიად გაიყვანს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს და ჰამასს შორის ზავის პროექტი 31 მაისს წარადგინა. შეთავაზება აყენებს პირობებს "სრული და საბოლოო ზავისთვის", მათ შორის შეთანხმების პირველ ეტაპზე ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მოკლული მძევლების ცხედრების დაბრუნებას და საპასუხოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ისრაელის მიერ. ზავის მეორე ფაზა გულისხმობს თავდასხმების შეჩერებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლას. მესამე ფაზა ფოკუსირდება ღაზის გრძელვადიან მოწყობასა და განვითარებაზე, მათ შორის მრავალწლიან რეკონსტრუქციის პროექტზე. 

კომენტარები