დიდი შვიდეული

G7-ის წევრები უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს გადასცემენ

იტალიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის (G7) რიგით 50-ე სამიტზე, ფორუმის წევრი ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის სახით გადაცემაზე შეთანხმდნენ.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა იგეგმება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გეგმა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის დასრულების მოლოდინის შესახებ ჩავარდა.

"ეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა, რომელიც ამავდროულად, უკრაინელ ხალხს აძლევს მეტ სიმამაცეს იმის გასაკეთებლად, რაც დღეს მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია. ეს ასევე ცხადი სიგნალია რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ მას არ შეუძლია მშვიდად იჯდეს, დაელოდოს და ჰქონდეს იმედი, რომ ზოგიერთ უკრაინის მხარდამჭერ ქვეყანაში არსებული ფისკალური პრობლემების გამო ის ერთ დღეს ამ ომში გაიმარჯვებს. ის ამას [გამარჯვებას] ვერ შეძლებს". - თქვა შოლცმა.

დიდი შვიდეულის სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 აპრილს დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება. 

სამიტს წევრი ქვეყნების: კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს პირველ პირებთან ერთად შეხვედრას ტრადიციულად ევროკავშირის ლიდერები ესწრებიან. მიმდინარე შეხვედრას კი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.

კომენტარები