დიდი შვიდეული

G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვისთვის საჭირო ზომების მიღებაზე შეთანხმდა

TACC

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები რუსული ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვისთვის საჭირო ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ, რომელთა ძალაში შესვლა დაგეგმილია მომდევნო წლის 1-ლი მარტისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ G7-ის განცხადებაშია აღნიშნული

"2024 წლის 1-ლი იანვრისთვის რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს დავაწესებთ. ამას მოჰყვება ეტაპობრივი შეზღუდვა მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტების იმპორტზე. ამ შეზღუდვების სავარაუდო დაწყების თარიღია 2024 წლის 1-ლი მარტი". - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, 2024 წლის 1-ლი სექტემბრისთვის G7-ის ქვეყნები, რომლებიც დაუმუშავებელ ბრილიანტის იმპორტიორები არიან, ამ ტიპის პროდუქციის შესამოწმებლად დამატებით მექანიზმს შემოიღებენ, მათ შორის სავალდებულო სერტიფიცირებას. 

გასულ დღეს, 6 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 46 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, მათგან 30-ზე მეტი კომპანია და ფიზიკური პირი ასოცირდება დრონებისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლებთან, ასევე ელექტრონიკის იმპორტთან. გარდა ამისა, სიაში რამდენიმე კომპანიის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები მოხვდნენ.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა კომპანია Soyuz-ს მფლობელი და მისი ოჯახი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია რუსული რაკეტებისთვის აწარმოებს ძრავებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. 

სანქციები ასევე დაწესდა კომპანიების მიმართ, რომლებიც რუს სამხედროებს ტექნოლოგიით ამარაგებენ, მათ შორის შეზღუდვები დაუწესდა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ ადამიანებსა და კომპანიებს. 

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა, რადგან ისინი რუსეთს ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

კომენტარები