ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, საქართველომ თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების Vuran-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დანადგარების გადაცემის ცერემონია ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
განცხადებაში დაზუსტებული არაა, თუ რამდენი ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალებმა, თუმცა სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სულ მცირე, 36 ჯავშანტრანსპორტიორი ჩანს. SIPRI-ის მონაცემებში წერია, რომ საქართველომ Vuran-ების შეძენის კონტრაქტი 2022 წელს გააფორმა და სავარაუდო რაოდენობად 46 არის დასახელებული.





