საქართველოს თავდაცვის ძალები

"კავკასიის არწივი 2022" – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წვრთნები დაიწყო

ქართველი და თურქი სამხედროები კავკასიის არწივი 2022-ის გახსნის ცერემონიაზე, 2022 წლის 11 ოქტომბერი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოველწლიური ერთობლივი წვრთნები, კავკასიის არწივი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კავკასიის არწივი 2022-ის გახსნის ცერემონიალი 11 ოქტომბერს საქართველოში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება კავკასიის არწივი 2022-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში. 

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება  კავკასიის არწივი 2022 ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

კომენტარები