აშშ

აშშ-ში თავშესაფრის შეზღუდვის ბრძანება ზოგიერთი ეროვნების მიგრანტზე არ გავრცელდება - მედია

Sandy Huffaker/Getty Images

გამოცემა Washington Examiner-ის ინფორმაციით სამხრეთ კალიფორნიის სასაზღვრო პატრულს 100-ზე მეტი შორეული ქვეყნიდან შესული უკანონო მიგრანტების დეპორტაციის ნაცვლად, აშშ-ს ტერიტორიაზე მათი შეშვება დაევალა. საზღვარზე მიგრანტთა დაშვების შესახებ AP-იც წერს - გამოცემა აღნიშნავს, რომ რესურსების ნაკლებობა, დიპლომატიური შეზღუდვები და ლოჯისტიკური პრობლემები პრაქტიკაში აფერხებს პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც არალეგალ მიგრნტთა მიღება აშშ-ში დროებით უნდა შეჩერდეს.

ბაიდენის ბრძანება "ოპერაციული ფაქტორების" გამონაკლისს ითვალისწინებს, რაც, როგორც AP განმარტავს, კანონს დაქვემდებარებული ყველა მიგრანტის დეპორტაციისთვის საჭირო რესურსისა და საშუალების ნაკლებობაზე მიუთითებს.

Washington Examiner-ის თანახმად, სწრაფი დეპორტაციის გამკაცრებული კანონი შეეხებათ მხოლოდ ზრდასრულებს საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ამავე გამოცემის ცნობით, ყველა სხვა მიგრანტს "ძალიან რთულად დასაბრუნებელი ქვეყნებიდან", რომლებიც აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობენ, გაუშვებენ დოკუმენტით, რომელიც მათ აშშ-ში სასამართლოში წარდგენას დაავალდებულებს.

გამოცემა ამას გაჟონილ საინსტრუქციო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომლითაც სამხრეთ კალიფორნიის სასაზღვრო პატრულმა უნდა იხელმძღვანელოს.

"რთულად დასაბრუნებელი" ქვეყნებს სამგზავრო დოკუმენტების გასაცემად, სულ მცირე, 5 დღე სჭირდებათ, ხოლო "ძალიან რთულად დასაბრუნებელი" ქვეყნებში აშშ-დან ფრენები არ ხორციელდება. როგორც AP წერს, მრავალი ასეთი ქვეყნიდან აშშ-ში ემიგრაცია არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო.

დოკუმენტის დირექტივის თანახმად, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან შესულ თავშესაფრის მაძიებლებს, დაუყოვნებლივ დეპორტაციის ნაცვლად, აშშ-ს საზღვარზე შეუშვებენ. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, აშშ-ს ტერიტორიაზე დროებით დარჩნენ და სასამართლო პროცესი გაიარონ.

გამოცემის თქმით, გაჟონილი დოკუმენტი ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნათქვამს, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ზომებს აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან შემავალ მიგრანტებზეც გაავრცელებდნენ.

"გვგონია, რომ კანონის ზომები საშუალებას მოგვცემს, მყისიერი და სწრაფი შედეგები დავაწესოთ მიგრანტებზე მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოდიან". - თქვა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. 

მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ სხვა ნახევარსფეროდან შემავალი მიგრანტების უკან დაბრუნება ისტორიულად პრობლემას წარმოადგენს.

მანამდე, 4 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ გაამკაცრა თავშესაფრის მინიჭების ზომები მათთვის, ვისაც მექსიკის საზღვრიდან უკანონოდ შემოსვლის დროს დაიჭერენ.

თავშესაფრის ახალი აკრძალვა გააქტიურდება მაშინ, როცა კვირის განმავლობაში არალეგალურ მიგრანტთა დაკავების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 2500-ს გადაცდება. როგორც Reuters-თან საუბარში მაღალჩინოსნებმა ანონიმურად აღნიშნეს, ეს რიცხვი ახლა გაცილებით მაღალია. შესაბამისად, შეზღუდვა ძალაში შედის.

აშშ-ს მთავრობის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ აპრილში არალეგალთა დაკავების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4300-ს უტოლდებოდა.

შეზღუდვა მოიხსნება მაშინ, როცა 3 კვირაში დაკავებულ არალეგალთა რიცხვი 1500-ს ჩამოცდება. ბოლო დროს, როცა საზღვარზე არალეგალთა რიცხვი ამ დონეზე შემცირდა, კოვიდპანდემიის დროს, 2020 წლის ივლისში მოხდა, როცა მოგზაურობის შეზღუდვები საერთაშორისოდ იყო დაწესებული.

კომენტარები