აშშ

ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალდება სამივე მუხლით დაუმტკიცდა

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი
Ting Shen/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი დელავერის ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებული ბრალდების სამივე მუხლით დამნაშავედ ცნეს.

ჰანტერ ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ფედერალური კანონმდებლობის სამი მუხლის დარღვევაში დაუმტკიცდა, რადგან მან იარაღის შესყიდვის პროცესში შესავსებ ფორმაში არალეგალურად მონიშნა, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული. ნაფიც მსაჯულებმა განაჩენი სამსაათიანი თათბირის შემდეგ გამოიტანეს.

დამტკიცებული სამი ბრალდებიდან ორი თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 10 წლით ითვალისწინებს, ხოლო მესამე - არაუმეტეს 5 წლით. ამასთანავე, თითოეული ბრალდება არაუმეტეს $250 000-იან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამას გარდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის თარიღს მოგვიანებით დანიშნავს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელავერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.

კომენტარები