ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი მისი დაკავების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში სცემდნენ. ბაბაევის თქმით, მის დაკავებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფრო ხელმძღვანელობდა.
მან ტელეკომპანია მთავარის ეთერში საუბრისას მადლობა გადაუხადა მოსამართლე ლევან დარბაიძეს, რომელმაც 6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ რამდენიმე [პოლიციელს], ვინც შეასრულა მაინც ეს რუსული დავალება. გამოიყენეს ძალადობა, გადმომათრიეს მანქანიდან, ჩამიმტვრიეს მინები, მიუხედავად იმისა, რომ კარებს ვუღებდი, მაინც დამიმტვრიეს მინები. მიუხედავად იმისა, რომ გადმოვდიოდი ჩემით, გადმომათრიეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გავუწიე, ერთი ზედმეტი სიტყვა არ ვუთხარი, რომ მირტყამდნენ არც შემიგინებია, უზრდელობა არ მითქვამს. მე ვიცოდი, რომ მაგათი კამერებიც ხომ იღებდა და ჩემიც იღებდა ყველაფერს და არ მინდოდა, რომ საბაბი მიმეცა, მერე ეთქვათ, რომ წინააღმდეგობა გაგვიწია და მაგიტომ ვცემეთო, რაც თქვეს სასამართლოზე. მე მაგათი ხელწერა ვიცი, რუსული მილიცია კარგად ვიცი, ვერ მაჯობებენ." - იხსენებს ბაბაევი.
მისივე თქმით, მან დაინახა, როგორ ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი.
"დავინახე ყველაფერი, როგორ ჩადეს იარაღი. როგორ ამოიღეს იარაღი, არჩევდნენ ადგილს სად ჩაედოთ, ერთი იარაღი ეგრევე ქამრის უკან ჩამიჭედეს, ვიგრძენი კანით რომ იარაღი იყო. მე მაგ დროს ბორკილები მეკეთა, დამაგდეს და ჩემზე ხტუნაობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მეგობარს უმოწყალოდ სცემეს პოლიციელებმა აქციაზე ამერიკის მოქალაქესთან ერთად და იქ მივაწერე კომენტარებში მანქურთები-მეთქი, ძალიან გავბრაზდი და ერთ-ერთი, ვინც მირტყამდა, ყვიროდა - ვინ არის მანქურთიო, ჩვენ ვართ მანქურთებიო?!" - ამბობს ბაბაევი.
მისივე ინფორმაციით, იგი დააკავეს 9 საათზე და განყოფილებაში 4 საათზე გადაიყვანეს, შუალედში კი მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
"9 საათიდან 4 საათამდე ყველგან ფიზიკური ზეწოლა იყო, ყველგან მცემდნენ, მირტყამდნენ, მე უბრალოდ დავცინოდი და ალბათ იღლებოდნენ ამ ცემით." - იხსენებს იოსებ ბაბაევი.
იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო.





