კახა კალაძე

კალაძე: არასდროს მიკადრია, რომ დამერეკა და რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ქარდების წაშლას გამოეხმაურა. 

კალაძის თქმით, მას არაფერი აკავშირებს ბუდუ ზივზივაძის გადაწყვეტილებასთან, რომ მისი ქარდები მედიებს წაეშალათ და ფეხბურთელი არანაირი ზეწოლის ქვეშ არ ყოფილა. 

"რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები ყველანაირი ბოროტების და სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს.

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, რომ ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა. მე ბუდუ ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის რაიმე მითხოვია - პოლიტიკური მხარდაჭერა, არჩევნების დროს მხარდაჭერა და ა.შ. მე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო" - ავრცელებს მის კომენტარს თბილისის მერია.

ბუდუ ზივზივაძემ ჯაფარას პოდკასტში არაერთ თემაზე ისაუბრა, აქედან რამდენიმე ტაბულაზე ქარდების სახით დაიდო და მოგვიანებით, მისივე თხოვნით, წაიშალა. აღებამდე ჩვენ მას ვკითხეთ, რა გვეპასუხა ადამიანებისთვის, რომელთაც კითხვები გაუჩნდებოდათ.

"ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება". - მოგვწერა მან.

კომენტარები