პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვადები დაასახელა, რაშიც რუსული კანონის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციები "უცხოური გავლენის მქონე" სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესს სულ 3 თვე დასჭირდება.
"გამჭვირვალობის კანონი დღეიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ 60 დღეში იუსტიციის სამინისტრო შესაბამის პლატფორმასა და კანონქვემდებარე აქტებს წარმოადგენს. ამის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, იქ ის ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ, რომელთაც უცხოეთიდან შემოსავალი 20%-ზე მეტი აქვთ.
კონკრეტული თარიღებით რომ განვმარტო - 2 სექტემბრამდე, ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ განმარტებაში ექცევიან, შესაბამის პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ და შემდეგ, დაახლოებით, 16 სექტემბრამდე 2023 წლის ფინანსური დეკლარაცია უნდა წარადგინონ. ეს ის გრაფიკია, რაც ამ კანონმა დაადგინა". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოში რუსული კანონი დღეიდან, 4 ივნისიდან ამოქმედდა. პრეზიდენტის უარის შემდეგ, შესაბამის განკარგულებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 3 ივნისს მოაწერა.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.





