უკიდურესად სპეკულაციურია, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო ხელოვნურად ცდილობენ გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას - ონის მუნიციპალიტეტის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ფეა თრიიზ ფონდი 29 მაისს გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.
"გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს.
კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა.
ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გასაჯაროვება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება" - წერია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფეა თრიიზ ფონდი 29 მაისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, იძულებული გახდა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის საკითხზე 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა შეეწყვიტა. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი რუსული კანონია, რაც ორგანიზაციის განცხადებით "უკვე უარყოფითად აისახა ფონდის საქმიანობაზე".
ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ აღარ შეუძლიათ ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, "მაშინ როცა მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად მიღებული კანონის გამო". წერილიდან ასევე ირკვევა, რომ ფონდს მრავალჯერ ჰქონდა მცდელობა, შეხვედროდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს - კანონის უარყოფითი გავლენის განსახილველად, თუმცა ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.





