გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია. მინდა, ყველას მივულოცო, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტდეს, როგორც ყველა დემოკრატიულ, განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება - და არა გარე აქტორების ჩარევით.
ეს პათეტიკური სიტყვები არაა. დღეს საქართველოს ბედი არა ხმლითა და ტანკით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული, გონივრული, საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით წყდება. გამჭვირვალობის კანონმა ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალის გავლენისგან უნდა დაიცვას, რომელთა მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.





