რუსული კანონი

შალვა პაპუაშვილმა 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერების წერილს უპასუხა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლატვიის, საფრანგეთის და პოლონეთის პარლამენტის სპიკერების წერილს უპასუხა. პაპუაშვილის წერილი სოციალურ ქსელ X-ში მის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროვდა

წერილში შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს მოუწოდებს გამოიძიონ EED-ის (ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის) საქმიანობა საქართველოში, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად სწორედ ამ ქვეყნების გადასახადების გადამხდელების მიერ ფინანსდება.

"ჩვენ ვპოულობთ მრავალ ჩრდილოვან სქემას, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას, აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ორგანიზაციებს ამგვარი ორგანიზაციების საშუალებით. მსგავსი პრაქტიკა ევროპული ღირებულებების უხეში დარღვევაა" - წერს შალვა პაპუაშვილი. 

პაპუაშვილის თქმით, უცხოეთის გავლენის შესახებ დისკუსიებში არც ერთ მხარეს გამოუთქვამს მზადყოფნა გამჭვირვალობისთვის, რაც პოლიტიკურ პროცესს ყველაზე მეტად სჭირდება. 

7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერის საერთო წერილი საკუთარ X-ზე ლიტვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა გამოაქვეყნა.

კომენტარები