რუსული კანონი

7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილს მიმართავს, კანონის გაწვევას სთხოვს

შალვა პაპუაშვილი 2024 წლის 26 მაისის ცერემონიაზე
საქართველოს მთავრობა

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

წერილი საკუთარ X-ზე ლიტვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა გამოაქვეყნა.

7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერები პაპუაშვილს მიმართავენ:

ძვირფასო კოლეგა. მოგმართავთ როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერები.

ჩვენ საქართველოს გვერდზე ვიყავით ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრესის თქვენს ყოველ ნაბიჯზე. ვიხილეთ აღსანიშნავი პოლიტიკური ტრანსფორმაცია და უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც გასულ წლებში რეფორმების პროგრესში ჩადეთ. თქვენ უძღვებოდით გზას და იყავით სამაგალითო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის. ამაყად გიჭერდით მხარს და მზად ვართ გავაგრძელოთ თქვენთვის ამ გზაზე ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოფა.

საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ძალისხმევა სამართლიანად იქნა აღიარებული და დაჯილდოებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. მცირე ხნის წინ საქართველოს მიეცა ნათელი გზა, რომ დაწყებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები.

აღვნიშნავთ თქვენს წარმატებას თქვენთან ერთად და ნამდვილად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის ძალას, რომელიც ბოლო წლებში განვამტკიცეთ. ამან საშუალება მოგვცა გვქონოდა გულწრფელი დიალოგი თუნდაც იმ საკითხებზე, რომლებზეც არ ვთანხმდებით. რადგან უმთავრეს საკითხებზე, ღირებულებებისა და პრინციპების საკითხებზე ჩვენ მუდამ ერთად და ძლიერ ერთგულად ვიდექით.

საქართველოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებით ხელმძღვანელობითაც მონდომებული იყავით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოეური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი არ შეეფერება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. კანონი, თავისი სახით, მიზნად ისახავს დადუმებას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლებიც სასიცოცხლო როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველოში ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ინსტრუმენტებია.

მოგიწოდებთ გაიწვიოთ ეს კანონი და ჩაერთოთ აზრიან და ინკლუზიურ დიალოგში ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან. ასევე მოგიწოდებთ, რომ პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ადამიანთა შეკრების თავისუფლების დაცვითა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების შეწყვეტით.

ევროკავშირის წევრობის მისწრაფება საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია, ისე, როგორ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირს 20 წლის წინ შემოუერთდნენ. ეს გზა არც გარანტირებული ყოფილა და არც მარტივი. ის შესაძლებელი გახადა მეგობართა ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.

20 წლის შემდეგ, საქართველო იგივე გზაზეა. თქვენ ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო წყალში არ გადაყრის საკუთარ ერთგულებას ქართველი ხალხის მშვიდობის, კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირებულებების საერთო ეპოქაში შეყვანის შესაძლებლობის ისტორიული ფანჯრის გამოყენების მიმართ.

გვწამს საქართველოს ევროპული მომავლის და ვუერთგულებთ თქვენს მხარდაჭერას.

კომენტარები