რუსული კანონი

ლარი 42 ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მცირედით გამყარდა მხოლოდ ეგვიპტურ გირვანქასთან

რუსული კანონის მიღების და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურის მიმდინარეობის ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს.  28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.37 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7847 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0295 ლარი. 

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

აღსანიშნავია, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურის განხილვის დღეს ლარი ქართულ ბაზარზე არსებული 43 ვალუტიდან 42-თან გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა მხოლოდ ეგვიპტურ გირვანქასთან გამყარდა - 0.16 თეთრით. 27 მაისს, იქამდე, სანამ ეროვნული ბანკი თითქმის 49 მილიონ დოლარს გაყიდდა, ლარი ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 10 თეთრით, ხოლო ევროსთან - 14 თეთრით.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო 27 მაისს დაძლია. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს, 28 მაისს მიმდინარეობს.

კომენტარები