რუსული კანონი

პოლიტიკური ბოდვაა, უბრალოდ უმსგავსობაა – პუტინი ვარჰეისა და კობახიძის საუბარზე

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ ირაკლი კობახიძისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბრის შესახებ კითხვას პასუხი გასცა და თქვა, რომ ევროკომისრის ნათქვამი "უბრალოდ უმსგავსობაა". 

"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც რომელიღაცა ევროკომისარსმა თქვა. იქ ბევრი კომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სულ რაღაცებს როშავენ, ხომ გესმით, მაგრამ თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით - ამას პოლიტიკური ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ მხოლოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ, (რედ. ევროპელი) საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება,  ამას ჩვენც ხშირად ვეჩეხებით. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს". - თქვა პუტინმა.

მანამდე, საქართველოს მთავრობამ კობახიძის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის უკან გლობალური ომის პარტია დგას და მასთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარი ირიბად დაემუქრა და ახსენა -  "ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.

"რადგან სრულად ინფორმირებული ვარ ქართველი ხალხის პროევროპული სენტიმენტის შესახებ, მსურდა ჩემი სატელეფონო ზარისას პრემიერმინისტრის ყურადღება გამემახვილებინა ისედაც მყიფე სიტუაციის არ გამწვავების მნიშვნელობაზე. ეს სიტუაცია გამოიწვია კანონმა, რომელიც გამოიწვევს უფრო მწვავე პოლარიზაციას და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციებს. ამ კონტექსტში, ბოლო ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში მოვიყვანე იმის მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს დიდმა პოლარიზაციამ ევროპაშიც კი" - წერს ოლივერ ვარჰეი. 

კომენტარები