რუსული კანონი

ბადურაზე შრამის გამო, ერთი თვალიდან ვეღარ ვხედავ – აქციაზე დაშავებული მოქალაქე

1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული მოქალაქის, ნიკა დემურიშვილის თქმით, ბადურაზე დატოვებული შრამის გამო, ერთი თვალიდან ვეღარ ხედავს.

დემურიშვილს ექიმები ეუბნებიან, რომ შრამს არაფერი ეშველება.

"ბადურა მქონდა ჩახეული, ანუ ან ოპერაცია უნდა დამჭირვებოდა, ან თავისით უნდა გამთელებულიყო და ამ ეტაპზე თავისით არის გამთელებული, დატოვებული მაქვს ბადურაზე შრამი, რის გამოც ვეღარ ვხედავ. დიდი შავი წერტილი მაქვს და მხედველობაში ძალიან მიშლის ხელს. მხოლოდ სივრცეს აღვიქვამ. მკურნალობას რაც შეეხება, აქ ექიმებმა როგორც მითხრეს, ამ შრამს არაფერი არ ეშველება და ასე მექნება მთელი ცხოვრება. საბუთები მქონდა გაგზავნილი თურქეთში, იქიდანაც იგივე პასუხი მოვიდა ზუსტად, ახლა ვაპირებთ, რომ გერმანიაშიც გავაგზავნოთ, ამერიკაშიც და ბოლომდე ვეჭიდებით იმედს, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს". - თქვა დემურიშვილმა.


1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე დაიწყო. თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების მიმართულებით რეზინის ტყვიები ისროლეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, უწყებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

კომენტარები