რუსული კანონი

რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა

ბიუროს სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვეტოს განხილვა როდის გაიმართება. ამ დროისთვის, პარლამენტის ანონსებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მითითებული არ არის.

დღეს, 20 მაისს, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს". - თქვა ზურაბიშვილმა.

14 მაისს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.

კომენტარები