რუსული კანონი

ო'ბრაიენი რუსულ კანონზე: გვსურს ავირიდოთ ორგანიზაციების ნაწილის სტიგმატიზაცია

ECFR

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა გასულ ღამეს პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. საუბარში მან ხაზი გაუსვა, თუ რას გულისხმობდა კანონის ცვლილებებზე საუბრის დროს.

ო'ბრაიენის თქმით, არ უნდა მოხდეს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია.

"ვფიქრობ ეს განგრძობითი საუბარი იქნება. გვსურს თავიდან ავირიდოთ ორგანიზაციების პატარა ნაწილის სტიგმატიზაცია. არსებობს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც მუშავდება და ეხება თუ როგორ უნდა მოგვარდეს საგარეო დაფინანსება და ასევე ჩვენ აშშ-ში გაგვაჩნია სხვადასხვა მექანიზმი. არ მსურს დიქტატი, თუ რა შეიქმნება, მაგრამ გვსურს თავიდან ავირიდოთ ის, რაც გასულ კვირაში ვიხილეთ - საჯარო საუბარი გარკვეული ჯგუფის მიერ კონკრეტული ორგანიზაციების გამოყენებაზე საკუთრებისა და ხალხის მიმართ ძალადობისთვის. ეს დაუშვებელია." – უპასუხა აშშ-ს მაღალჩინოსანმა ამერიკის ხმის ჟურნალისტის, ანი ჩხიკვაძის შეკითხვას.

ასევე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ "რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მიგვიყვანს შეკითხვებამდე, გაგრძელდება თუ არა პარტნიორობა".

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით კი ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ქართული ოცნების საპატიო მდივანს ისედაც ჰგონია, რომ ის უკვე სანქცირებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის სანქცირებას სერიოზულად განიხილავენ, თუ მოვლენები კონკრეტული მიმართულებით განვითარდება.

"ის ფიქრობს, რომ სანქციები უკვე დაწესებული გვაქვს. მე მჯერა, რომ თუ ის ყველაფრის სათავეშია და ყველაფერი იმ მიმართულებით გაგრძელდება, რომლითაც გვგონია, ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ." – აღნიშნა ო'ბრაიენმა.

ამას გარდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ საქნციების დაწესება ცხად სამხილებსა და სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდება.

"როცა ხალხს ვუწესებთ სანქციებს, ამას ვაკეთებთ ცხად სამხილებსა და მყარ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არაა რაღაც, რაც ერთ ღამეში კეთდება." – აღნიშნა ო'ბრაიენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

 

კომენტარები