რუსული კანონი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა. 

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია" - წერია უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორები საერთო, რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ასევე, განცხადებაში დაგმობილია უნივერსიტეტის სახელით გაკეთებული "რუსული კანონის" საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადებები. 

განცხადების ხელმომწერთა შორის არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორიც. 

გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

 

კომენტარები