პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
"დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.
აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს" - აცხადებს შსს.
სამინისტროს მტკიცებით, "აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა".
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების - "მონებო, რუსებო" ფონზე მოუწიათ.





