რუსული კანონი

რუსული კანონის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს შედგება

საქართველოს პარლამენტი

რუსული კანონის პლენარული სხდომაზე განხილვა პარლამენტში სამშაბათს შედგება - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“ - თქვა პაპუაშვილმა IPN-ის ცნობით. 

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავენ.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

30 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა სცადა. მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე. სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დემონსტრანტებს. სცემეს პოლიტიკოსებიც, მათ შორის, უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

ძალადობის მიუხედავად, აქცია არ დაიშალა. სამოქალაქო წინააღმდეგობა 1-ელი მაისის დილის 4 საათამდე გაგრძელდა. სპეცრაზმმა უკან დაიხია, მომიტინგეებმა კი კვლავ დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 1-ელ მაისს, დილით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლის მცდელობისას 63 პირი დააკავეს.

1-ელ მაისს, საღამოს 8 საათზე, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო. პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა. იმავე ღამეს, ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა "სპეციალური საშუალებების გამოყენებით" კიდევ ერთხელ სცადა.

კომენტარები