ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კირბი: რაფაში შესვლის ოპერაცია ჰამასს ვერ დაამარცხებს

თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის თქმით, რაფაში შესვლის ოპერაცია ჰამასს ვერ დაამარცხებს. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა.

კირბის თქმით, არსებობს ჰამასის განადგურების იმაზე უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ აშშ-ისრაელის კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს.

"ეს ის არჩევანია, რომლის გაკეთებაც ისრაელს მოუწევს და იმედი გვაქვს, რომ ისრაელი ამას გააკეთებს". - თქვა კირბიმ.

ამავდროულად, კირბიმ ხაზგასმით არ აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდების დროებით შეჩერებაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ აშშ-ს არ სურს ისრაელს ჰამასის დამარცხებაში დაეხმაროს.

"საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვშორდებით ისრაელს, ან არ გვსურს დავეხმაროთ მათ ჰამასის დამარცხებაში, უბრალოდ ფაქტებს არ შეესაბამება. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ არსებობს წინსვლის გზა, თუმცა, ამას ორივე მხრიდან გარკვეული ლიდერობის აღება სჭირდება". - თქვა კირბიმ.

მანამდე, 8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს არ მიაწოდებს იმ საბრძოლო მასალებს, რომელთა გამოყენებასაც ისრაელი რაფაში სამხედრო ოპერაციაში შეძლებს.

CNN-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ისრაელის თავდაცვის მიმართ ერთგულია და გააგრძელებს თავდაცვითი საბრძოლო მასალების, მათ შორის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტების, მიწოდებას. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ თუკი ისრაელი რაფაში შევა, აშშ უარს იტყვის იმ შეიარაღებისა და ჭურვების მიწოდებაზე, რომლებსაც ისრაელი რაფაში გამოიყენებს.

კომენტარები