დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, ერევანი ბაქოს პროვოკაციებში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი სამხედრო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.

5 აპრილს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 17:35-ზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა "მორიგი პროვოკაციებისთვის ნიადაგი მოამზადეს", თხრიდნენ სანგრებს თოუზისა და გადაბეის რაიონების სოფლების მიმართულებით, სადაც აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ განლაგებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "აზერბაიჯანის არმიის დაუყოვნებელი ზომების შედეგად" საინჟინრო სამუშაოები შეაჩერეს. ამას გარდა, განცხადებაში ბაქოს სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ აქამდე, დაახლოებით 17:25-ზე სომეხმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს, რომლებიც განლაგებული იყო თოუზის რაიონში.

ამის შემდეგ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 5 აპრილს, 17:05-ზე ტავუშის, ხოლო 17:30-ზე გეღარქუნიქის ოლქის სოფლების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ამავე ცნობაში ბაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდეს.

6 აპრილის დილით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ გასული ღამის განმავლობაში მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 30-ჯერ გახსნეს. ცნობაში ბაქო ირწმუნება, რომ მათ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ 21:55-სა და 23:20-ის შუალედში თოუზის, დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში.

საპასუხო განცხადებაში სოომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაწერა, რომ 5 აპრილის 22:25-დამ 6 აპრილის 01:20-მდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს გეღარქუნიქის, სიუნიქისა და ტავუშის პროვინციების სოფლების მიმართულებით. როგორც განცხადებაში ერევნის სამხედრო უწყება ირწმუნება, აზერბაიჯანელთა ცეცხლი იყო მოუწესრიგებელი და არ ესროდნენ კონკრეტულ სამიზნეებს. 

6 აპრილის განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასაზღვრო რაიონებში შეინიშნებოდა ავტომანქანების გადაადგილებაც, ასევე აზერბაიჯანის მოქმედებებს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნეს, რომ ბაქო მათგან ასეთივე ქმედებებს ელის.

"ცხადია, რომ აზერბაიჯანის მხარის ნახსენები ქმედებები მიზნად ისახავდა პროვოკაციას, რომ მიეღოთ ანალოგიური საპასუხო მოქმედებები სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რათა მიეღოთ ფაქტები, რომლებიც "დაამტკიცებდა" აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის დეზინფორმაციას." – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ბაქოს ცნობები, სომხეთის მიერ სასაზღვრო რეგიონში ძალების მოგროვების შესახებ, დეზინფორმაციაა.

აქამდე ბოლო შეტაკებები ორი ქვეყნის საზღვარზე პირველ აპრილს მოხდა. აზერბაიჯანის სამხედრო უწყება ავრცელებდა ცნობას, რომ ნახიჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქისა და შაჰბუზის რაიონების მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალები 22:00-დან 22:20-მდე ისროდნენ. სომხეთი საპასუხო განცხადებაში წერდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და თავად დაწერეს, რომ 22:00-ზე აზერბაიჯანელმა სამხედროება ცეცხლი გახსნეს გეღარქუნიქის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, ხოლო 2 აპრილის 00:40-ზე სიუნიქის რაიონის ერთი სოფლის მიმართულებით. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის მიერ აქამდე დასახელებული მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა.

ბაქოს მტკიცებით, სომხეთი საზღვარზე ძალას აგროვებს, EU-ს მისია უარყოფს


ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.

 

კომენტარები