ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

როგორ შეიძლება დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი?

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის ინიცირებას და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას. 

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირმა 2013 წელს მიიღო. ეს მექანიზმი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს დროებით შეუჩერონ უვიზო რეჟიმი სპეციალური გარემოებების დროს. მსგავსი გარემოებები შეიძლება იყოს თავშესაფრის მაძიებლების განსაკუთრებული ზრდა, ეროვნული უსაფრთხოების გადაუდებელი საფრთხე, თანამშრომლობის ნაკლებობა არალეგალურად მყოფი პირების ქვეყანაში დაბრუნების პროცესში და ა.შ. 

2018 წელს მიღებული რეგულაციით ევროკომისია ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მიერ ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებაზე. 2017 წლიდან მიღებული ანგარიშები კონკრეტულად ეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმებს დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, სადაც საქართველოც შედის. 

ევროკავშირს უვიზო რეჟიმი 60 სახელმწიფოსთან აქვს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესში მთავარი მოქმედი ორგანო ევროკომისიაა. კომისიას შეუძლია დააკვირდეს და ანგარიშები წარუდგინოს ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს იმაზე, თუ რამდენად თანამშრომლობს სახელმწიფო ევროკავშირთან და რამდენადაა თანხვედრა ღირებულებებს შორის. უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვის დაწყებიდან 18 თვის ვადაში ევროკომისია საბოლოო პასუხს გამოაქვეყნებს. 

კომენტარები