ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

საგარეო: ევროპაში გამგზავრებამდე მოაწესრიგეთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრებამდე მოაწესრიგონ დოკუმენტები. უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი.

"შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ  ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შეშვების მიზნით" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წაიკითხეთ დეტალურად, რა საბუთები გჭირდებათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გასამგზავრებლად და რა შემთხვევაში შეიძლება გამოგაბრუნონ საზღვრიდან.

ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

კომენტარები