რუსული კანონი

ევროპული საქართველო: ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობას მათი პოზიციებით განვსაზღვრავთ

ლუკა ახალაია/ტაბულა 

ევროპული საქართველო ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმაურება. 

ევროპული საქართველოს მიხედვით, აღნიშნული განცხადება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მათთან ურთიერთობის ფორმატს პარტია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათი ხედვებიდან გამომდინარე განსაზღრავს. 

"რაც შეეხება რამდენიმე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მედიამ კითხვით არაერთგზის მოგვმართა, ისინი წარმოადგენენ პროდასავლური პარტიების მხოლოდ ნაწილს, რომელთაგან უმრავლესობა ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებს და კოორდინაციის პირობებს. 

ამიტომ, ევროპული საქართველო მათთან ურთიერთობის ფორმატს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაუახლოვდება ამ პარტიების პოზიციები მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ხედვას და რამდენად თანმიმდევრულები და პრინციპულები იქნებიან ისინი მათ მიერვე დადებული შეთანხმებების შესრულებისას" – ვკითხულობთ ევროპული საქართველოს განცხადებაში.

ევროპულმა საქართველომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა 16 აპრილს წარადგინა. 

პარტიის მიხედვით, გზავნილი "არა რუსულ კანონს" უნდა შეიცვალოს და მთავარი საპროტესტო გზავნილი "არა რუსულ რეჟიმს!" გახდეს.

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ქართული ოცნების ცვლილებისა და ამ ამოცანისთვის გრძელვადიანი, ლეგიტიმური პროტესტისთვის მზაობის გარშემო.

"მოვიდა დრო, ქართული საზოგადოების მთავარი საპროტესტო გზავნილი გახდეს "არა რუსულ რეჟიმს!".

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასაგები იყო საქართველოს ათასობით პატრიოტის თავდაპირველი საპროტესტო გზავნილი "არა რუსულ კანონს", მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების ბოლო ნაბიჯების შემდეგ, პროტესტის მთავარ სამიზნედ თავად რეჟიმი უნდა იქცეს.

მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი მოღალატეობრივი ტრაექტორიის შემდეგ, რუსული კანონის მეორედ ინიცირებამ ყველასთვის ცხადი გახადოს, რომ ქვეყანას ეროვნული ინტერესების მოღალატე ხელისუფლება მართავს და მან ამ კანონზე ტაქტიკურად კიდევ ერთხელ უკან რომც დაიხიოს, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საფრთხეშია როგორც თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის სუვერენიტეტი.

ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, დასავლეთისგან იზოლირებულები და დაუცველები დავრჩებით რუსეთის პირისპირ.

სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მობილიზება ამ მთავრობის ცვლილების აუცილებლობისა და ამ ამოცანისთვის გრძელვადიანი, ლეგიტიმური პროტესტისთვის მზაობის გარშემო.

არა რუსულ რეჟიმს!". - წერს ევროპული საქართველო.

კომენტარები