რუსული კანონი

თბილისის კინოფესტივალი: არა რუსულ კანონს და რუსულ გავლენას საქართველოში!

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადებას ფესტივალი Facebook-ზე ავრცელებს.

"თბილისის კინოფესტივალის გუნდი უერთდება რუსთაველის გამზირზე მდგომ ათასობით პატრიოტ ადამიანს, რომლებიც აპროტესტებენ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი ქართულ დემოკრატიას დაასამარებს და ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა. კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ხელს შეუწყობს ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. არა რუსულ კანონს და რუსულ გავლენას საქართველოში!". - წერია ფესტივალის განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია პარლამენტთან დღეს, 17 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები