ირანის თავდასხმა ისრაელზე

სუნაკმა დაადასტურა, რომ ირანული დრონების ნაწილი სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმაც ჩამოაგდო

რიში სუნაკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში, 2023 წლის 19 ოქტომბერი.
Amos Ben Gershom/GPO

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო და დაადასტურა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს "გარკვეული რაოდენობის დრონები" სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმაც ჩამოაგდეს.

"მინდა პატივი მივუგო ჩვენი პილოტების სიმამაცესა და პროფესიონალიზმს, ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საფრთხის მიუხედავად მიფრინავდნენ". - თქვა სუნაკმა. 

გარდა ამისა, საუნაკმა აღნიშნა, რომ თავდასხმა ირანის მხრიდან "სახიფათო და არასაჭირო ესკალაცია" იყო.


ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა. 

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები