რუსული კანონი

ელჩების თქმით, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. 

"შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია,  ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს. 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პარლამენტის ბიურომ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი დაარეგისტრირა. კანონპროექტს 12 აპრილს, პარასკევს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები