ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი: სამარცხვინოა მოწოდებები, რომ ბრიტანეთმა ისრაელს იარაღი აღარ მიყიდოს

AP

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სვეტში ისრაელისთვის საბრძოლო მასალების მიყიდვის აკრძალვის მოწოდებებს ეხმაურება და წერს, რომ "სიგიჟე" იქნება, თუკი დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს.

ჯონსონის თქმით, მსგავსი მოწოდებები "სამარცხვინოა" და დასავლური ცივილიზაციის "სიკვდილის სურვილს" წარმოადგენს. ამასთანავე, იგი შეშფოთებას გამოხატავს იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ისრაელისთვის იარაღის მიცემაზე აკრძალვის დაწესების საკითხი ქვეყნის მთავრობაშიც განიხილება.

"უფრო საგანგაშო ის ცნობებია, რომ ისრაელზე შეიარაღების მიყიდვის აკრძალვა აქტიური განხილვის საგანია [გაერთიანებული სამეფოს] კაბინეტში, ხოლო ისრაელს მხოლოდ რამდენიმე მინისტრი იცავს". -  წერს ჯონსონი.

მანამდე, 600-ზე მეტმა იურისტმა, მათ შორის უზენაესო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლეებმა, მთავრობას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ისრაელში იარაღის ექსპორტის შეჩერებას ითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, ღაზაში "შესაძლო გენოციდის რისკის" ფონზე ბრიტანეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევას რისკავს. ისრაელი გენოციდის ბრალდებებს "სრულად უსაფუძვლოს" უწოდებს.

გამოქვეყნებულ წერილში ბორის ჯონსონი წერს, რომ იარაღის ექსპორტის აკრძალვა მაშინ, როცა ისრაელი არსებითი საფრთხის წინაშე დგას, ჰამასის გამარჯვებას ნიშნავს.

"გახსოვდეთ, რომ ამ კონფლიქტში [ჰამასის] გამარჯვებისთვის ჰამასის გადარჩენაც საკმარისია. ერთადერთი, რაც ბოლოსდაბოლოს სჭირდებათ, გაძლება, ხელახლა გაძლიერება და თავიდან დაწყებაა". - წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.

ჯონსონის თქმით, ამგვარი მოწოდებით ზემოხსენებული იურისტები სწორედ ჰამასის გამარჯვებას ითხოვენ.

"ეს სიგიჟეა. ეს სამარცხვინოა - და რაც უფრო მალე დაგმობს [გაერთიანებული სამეფოს] მთავრობა ამ იდეას ფორმალურად, მით უკეთესი". - წერს ბორის ჯონსონი სვეტის ბოლოს.

კომენტარები