რუსული კანონი

ოცნებამ უნდა გაიწვიოს "უცხოური აგენტის" კანონი თუ საქართველოს ევროკავშირში შესვლა სურს - CPJ

CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ქართული ოცნების მიერ "რუსული კანონის" ხელმეორედ მიღების ინიციატივას გამოეხმაურა, მათი თქმით კანონი შემაშფოთებელია და მმართველმა პარტიამ უარი უნდა თქვას მასზე, თუ საქართველოს ევროკავშირში შესვლა სურს. 

"საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს უცხოეთიდან კონტროლდებადის ლაქას დაასვამს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ მტკიცებასთან, რომ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არიან. ეს კანონი საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოური აგენტის" შესახებ, თუ საქართველოს ევროკავშირში შესვლის გზაზე წარმატების მიღწევა სურს".- წერს CPJ.


3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები