თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, დააკავეს ტერაქტის კიდევ სამი თანამზრახველი

კადრი ФСБ-ს ვიდეოდან

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) ირწმუნებიან, რომ დააკავეს კიდევ სამი პირი, რომლებიც კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილი ტერაქტის თანამზრახველები არიან.

ФСБ-ს ცნობით ახალი ფიგურანტები დააკავეს მოსკოვში, ეკატერინბურგსა და ომსკში. მათგან ორი ეჭვმიტანილია იარაღისა და ავტომობილის შესაძენი თანხის გადარიცხვაში, მესამე კი, როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ჩართული იყო შემსრულებელთა გადმობირებასა და დაფინანსებაში.

სამივე დაკავებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები არიან. არ გავრცელებულა მათი სახელები.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости წერს, რომ ორმა დაკავებულმა აღიარა, რომ ტერაქტის თანამზრახველები იყვნენ. ამას ამბობს ერთ-ერთი დაკავებული ვიდეოში, რომელიც ФСБ-მ გაავრცელა.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

რუსეთმა ტერაქტში უკრაინა ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.

კომენტარები