საქართველოს პარლამენტი

სამადაშვილი: აუცილებელია, ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ

პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 3 აპრილს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო, ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ და გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ.

გენდერულის კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვის დროს, სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, გირჩის წევრს, სანდრო რაქვიაშვილს სწორედ ამ კითხვით მიმართა, მისი აზრით, უნდა გაიაროს თუ არა ამ ორმა დეპუტატმა ნარკოლოგიური შემოწმება.

"ბატონო სანდრო, თქვენთან, როგორც პარლამენტის წევრთან, კითხვა მაქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ვახო მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიასგან მოვისმინეთ, იმსახურებს თუ არა, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს? რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, პარლამენტში ქართველ ქალებს ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან, თუ არაფხიზელში.

მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიამაც და ვახო მეგრელიშვილმაც დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ. ამ მოთხოვნით ბატონ შალვა პაპუაშვილს მივმართავ". - თქვა სამადაშვილმა.

რაქვიაშვილმა სამადაშვილს უთხრა, რომ ამ კითხვით თავად ვახო მეგრელიშვილს უნდა მიმართოს.

"ვახოს ნარკოტესტირებაზე რა გითხრათ? ამ მოთხოვნას რა აზრი აქვს, მაგრამ თუ გინდათ, მოითხოვეთ. ვახო საკმარისად გულწრფელი ადამიანია, რომ თვითონ მოგიყვეთ, რამე ნარკოტიკს მოიხმარდა თუ არა - პირდაპირ ჰკითხეთ". - უპასუხა რაქვიაშვილმა სამადაშვილს.

სამადაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ბექა ოდიშარია ნარკოტიკს მოიხმარს, უბრალოდ, მისივე განცხადებით, აინტერესებს, თუ კონკრეტულად რომელ ნივთიერებას იღებს.

გუშინ, 3 აპრილს ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ თქვა - "დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი". 

გირჩის დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კი გენდერული კვოტირების საკითხზე თქვა, რომ "მაგრად გაუსწორდებოდა", რომ პოლიტიკაში უმრავლესობა ქალი იყოს, რადგან მისივე განცხადებით, მათთან დროს "ბევრად უფრო სასიამოვნოდ გაატარებდა".

"მაგრად გამისწორდებოდა, [პოლიტიკაში] უმრავლესობა ქალები რომ იყოთ. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, საპირისპირო სქესის ადამიანებთან დროს ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პოლიტიკა მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს". - თქვა მეგრელიშვილმა.

კომენტარები