რუსული კანონი

ელისაშვილი რუსულ კანონზე: ეტყობა, გვერდები ეფხანებათ

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება აპირებს, რომ NGO-ების "გამჭვირვალობაზე" რუსული კანონი ხელახლა დააინიციროს. ელისაშვილი ამბობს, რომ არაფრის ფასად მმართველმა გუნდმა ეს კანონი არ უნდა მიიღოს და ხალხს მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

"ეტყობა, გვერდები ეფხანებათ და როგორც ჩანს, დასკვნები ვერ გამოიტანეს. ფოცხი ამობრუნებული თუ გდია და დააბიჯებ, მისი ტარი თავში გხვდება - ერთხელ თავში მაგრად მოხვდათ და ეტყობა, ჩათვალეს, რომ ეს ფოცხი გადმოატრიალეს, მაგრამ ის კიდევ უფრო უარესად მოხვდებათ თავში [...] საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი არ უნდა მიიღოს, არ უნდა გავატანინოთ [...] ვინც ამ ქვეყანაში ნორმალური ადამიანია, ვისაც ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უნდა და ვისაც სურს, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს, მოვუწოდებ: აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ". - ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან გააძევა. საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, თავისი გამოსვლა ოპოზიციის ნაწილმა სწორედ რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომიდან გაძევებამდე, ალეკო ელისაშვილმა რუსული კანონის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ბატონო შალვა, მე მგონია, იმ კანონის უკან შემოტრიალება საქართველოსი და ჩვენი, ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული და წერტილი არა, ძახილის ნიშანი. ერთი-ერთში გაქვთ ნათარგმნი და იმიტომ არის რუსული". - თქვა ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები