რუსული კანონი

"რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ" – 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ნაწილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება აპირებს, რომ NGO-ების "გამჭვირვალობაზე" რუსული კანონი ხელახლა დააინიციროს. ერთობლივი განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ გააკეთეს.

"რაც მამუკა მდინარაძემ დააანონსა, არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში, რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში გვაბრუნებს და შესაძლებლობას ართმევს მოქალაქეების იმ 85%-ს, ვისაც სურს, ევროპა საქართველოში იხილოს და არა ემიგრაციაში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ის გამარჯვება, რაც ქართველმა ხალხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მოიპოვა, როცა ჩვენ პროტესტის შედეგად რუსული კანონის მიღება შევაჩერეთ, დროებითი იყო.

ეს კანონი საქართველოს ართმევს შესაძლებლობას, ისე ვიცხოვროთ, როგორც ამას თავად ვწყვეტთ და რა კრემლის დიქტატითა და ქართული ოცნების კარნახით. ჩვენ ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის შეუპოვარ ბრძოლას გავაგრძელებთ. დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს დაბრუნდეს ის წარსული, რაც ქართულ ოცნებას სურს და ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და საქართველოს ევროპული არჩევანი დაცული იყოს". - აქუბარდია.

ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კი თქვა, რომ რუსული კანონის დაბრუნების მიზანია, საქართველო რუსეთს საბოლოოდ მიაჯაჭვონ.

"ქართული ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში მთელი ქვეყანა ჩაიყოლოს. თუმცა, ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი თავიდან იმიტომ შემოიტანეს, რომ საქართველო რუსეთს საბოლოოდ მიაჯაჭვონ. მაშინ, როცა ჩვენ, თქვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული არჩევანი - საქართველო მიდის ევროპისკენ. ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ". - ამბობს ნაცვლიშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის პირობას იძლევა, რომ პარლამენტში მყოფი ქალი დეპუტატები ხალხთან ერთად რუსული კანონის მიღებას დაუპირისპირდებიან.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, რუსული კანონის დაბრუნება საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის და ეს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

 

კომენტარები