ინფლაცია საქართველოში

ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0.5%-ია – საქსტატი

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.01%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 4.5%-ით გაიზარდა. განათლება 3.6%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.3%-ით, ტრანსპორტი 8.1%-ით, ჯანდაცვა კი - 1.2%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე შემცირდა - 5%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 2.3%-ით გაიაფდა, დასვენება-გართობა-კულტურა 3%-ით, კავშირგაბმულობა 1.6%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი კი - 2.1 %-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.2%-ით, რაც 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.6%), დაზღვევაზე (3.9%), პირად ჰიგიენასა (3.2%) და პირად ნივთებზე (10.6%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.4%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-15.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.9%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.9%-ით).

ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (25.7%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (2.8%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (5.1%), თევზეულზე (1.3%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (2.1%).

კომენტარები