რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონის თქმით, უკრაინის დახმარების განხილვა სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების შემცველი კანონპროექტის განხილვას კონგრესმენები სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყებენ. თუმცა, მისი თქმით, პაკეტში "მნიშვნელოვან სიახლეებს" მოელის.

აშშ-ს კონგრესი ორ-კვირიან შესვენებაში 25 მარტს მას შემდეგ გავიდა, რაც კონგრესმენებმა მთავრობის დასაფინანსებელი საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღეს. სამუშაო პროცესი 8 აპრილს განახლდება.

მაიკ ჯონსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ისტორიულად დაბალი უმრავლესობის გამო, იგი რთულ პოზიციაში აღმოჩნდა. თუმცა, ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში მუშაობდა პაკეტზე, რომელსაც სხდომების განახლების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში წარადგენს.

ჯონსონმა უკრაინის დახმარების რამდენიმე სავარაუდო გზა განიხილა. ერთ-ერთ მაგალითად მან უკრაინისთვის სესხის მიცემა დაასახელა, რათა უკრაინის დახმარების საკითხში შედარებით კონსერვატორი კონგრესმენების მხარდაჭერა მოიპოვოს.

კიდევ ერთი გზა, ჯონსონის აზრით, მაიკლ მაკკოლის მიერ წარდგენილი უკრაინის დახმარების კანონპროექტია ("REPO for Ukrainians Act"), რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აძლევს ნებართვას, რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენოს.

"როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან [რუსებთან] შებრძოლების შესაძლებლობას მივცემთ, ეს წმინდად პოეზია იქნება". - ამბობს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, "[ყოფილმა] პრეზიდენტმა ტრამპმაც ისაუბრა სესხის იდეაზე, რის ფარგლებშიც საგარეო დახმარებას უბრალოდ არ გავცემთ. არამედ ვაყალიბებთ ურთიერთობას, რომელშიც ისინი [უკრაინელები], როდესაც შესაფერისი დრო იქნება, უკან დაბრუნებას შეძლებენ".


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები