რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სენატმა მიიღო $95-მილიარდიანი პაკეტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს

აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ახლა კანონპროექტი განსახილველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიგზავნება, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. მათი დიდი ნაწილი პაკეტს აკრიტიკებდა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.

"პალატას მოუწევს წინსვლის გზის პოვნა და ეს თავად უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ პროცესის დაწყება გვჭირდებოდა და ეს გავაკეთეთ". - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ თუნმა კენჭისყრის შემდეგ.

სენატმა კანონპროექტი გასულ კვირას უფრო მასშტაბური პაკეტის ჩაგდების შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტი ორპარტიულ სასაზღვრო შეთანხმებასაც მოიცავდა, თუმცა დონალდ ტრამპისა და პალატის რესპუბლიკელთა ლიდერების კრიტიკის ფონზე, მას რესპუბლიკელმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს.

აშშ-ს სენატმა $95-მილიარდიანი კანონპროექტის განხილვას 9 თებერვალს დაუჭირა მხარი. ახალი ფინანსური პაკეტიდან სადავო ნაწილი სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამოღებულია.

კომენტარები