ემანუელ მაკრონი

მაკრონის წინასაარჩევნო გარდაქმნა მშვიდობის მტრედიდან ომის ქორამდე

ემანუელ მაკრონი

მაკრონის წინასაარჩევნო გარდაქმნა მშვიდობის მტრედიდან ომის ქორამდე

უკრაინაში მიმდინარე ომზე მსჯელობის ნაწილში ემანუელ მაკრონმა მოკავშირეებს შორის ახალი განხეთქილების ვაშლი შემოაგორა, როდესაც 26 თებერვალს პარიზის სამიტის შემდეგ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე ბუნდოვანი პასუხი გასცა. უკრაინის დახმარების საკითხზე სასაუბროდ ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ "ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით ოფიციალური და მიღებული კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მოძრაობის სიჩქარიდან გამომდინარე, არაფრის გამორიცხვა შეიძლება".

მაკრონის განცხადებას დასავლელ ლიდერებში ძირითადად მწვავე რეაქციები მოჰყვა. გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის გეგმები არ ჰქონდათ, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა.

ერთი მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში ჯარის გაგზავნის არ გამორიცხვა წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რომ ამჯერად დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის გეგმა არ არსებობს. თუმცა, მაკრონის მხრიდან პასუხის ასეთ ფორმულირებას გარკვეული დანიშნულება და განმაპირობებელი სავარაუდო ფაქტორები ჰქონდა.

თავად მაკრონის განმარტებით, საფრანგეთი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით "სტრატეგიული ბუნდოვანების" შენარჩუნებას ცდილობს და რუსეთთან მიმართებით მსგავსი ტაქტიკით ხელმძღვანელობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ის, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე საუბრით მან დიალოგში ბუნდოვანება შემოიტანა, ცხადია, მაგრამ საკამათოა, რამდენად სტრატეგიული იყო ეს გადაწყვეტილება.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, "არაპროგნოზირებადობა, რომელიც პუტინმა დასავლეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენა, ახლა პუტინის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს გამოყენებული". შესაბამისად, მან უკრაინაზე გაკეთებული განცხადებით სცადა, ისეთი პასუხი შეერჩია, რომელიც, მისივე თქმით, "ესკალაციას არ გამოიწვევდა, მაგრამ სტრატეგიულ ბუნდოვანებას აღადგენდა".

მაკრონის ახალი პოზიციის სიმყიფე მალევე გამოაშკარავდა, როდესაც საფრანგეთში მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტის განცხადებების განმარტება სცადეს. მაკრონის თანაპარტიელისა და ფრანგი პარლამენტარის ბენჟამინ ჰადადის თქმით, საფრანგეთის გეგმა "რუსეთთან საბრძოლველად ფრანგი ან ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნა კი არა, [რუსეთის] შეყოვნებაში წვლილის შეტანაა". ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ დასავლეთის ძალები უკრაინის დასახმარებლად შესაძლოა განაღმვისა და აღჭურვილობის შეკეთება-წარმოების მიზნით ისე გაიგზავნოს, რომ საფრანგეთი მეომარ მხარედ არ იყოს აღქმული.

ამ ყოველივეს ისიც დაემატა, რომ უკრაინისადმი საფრანგეთის დახმარების ისტორიიდან და ასევე მაკრონის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, მის განცხადებებს დამაჯერებლობის წონა აკლდა. ხოლო "სტრატეგიული ბუნდოვანების" საფარის წარმატებით აღმართვისთვის ამ ორი ფაქტორის არსებობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

საფრანგეთის დახმარება უკრაინას

უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მხრივ საფრანგეთის მონაცემები ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო პერიოდში ევროპასთან მიმართებით დაკავებულ პოზიციასთან აცდენილია. გერმანული Kiel Institute-ის მონაცემებით, უკრაინის დამხმარე ქვეყნების სიაში საფრანგეთი ამ დროისთვის მე-15 ადგილზეა.

საფრანგეთმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2024 წლის იანვრამდე უკრაინას $700 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გამოუყო. თუმცა, ეს მონაცემები მკვეთრად ჩამოუვარდება გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას, რაც შესაბამისად $19.42 მილიარდსა და $10 მილიარდს შეადგენს. უფრო მეტიც, საფრანგეთი შედარებით მცირე ზომისა და შესაძლებლობების იცეთ ქვეყნებსაც ჩამოუვარდება, როგორებიცაა ესტონეთი და ლიტვა, რომლებმაც უკრაინას სათითაოდ $900 მილიონზე მეტით დაეხმარნენ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს თქმით, უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარების დაანგარიშებით საფრანგეთი მოწინავე ხუთ ქვეყანას შორის იქნებოდა და, ამასთანავე, ფრანგული მხარე მუდამ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მათი აღჭურვილობა უფრო თანამედროვე და გამართულია.

თავისთავად, საფრანგეთის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების წყალობით უკრაინამ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მათ შორის შორი მოქმედების Scalp-ის ტიპის რაკეტებით უკრაინამ ფრონტის ხაზს მიღმა რუსეთის პოზიციებზე იერიშების მიტანა შეძლო. მაგრამ ასევე ლეგიტიმურია იმის თქმაც, რომ, ზოგადად, უკრაინასთან მიმართებით საფრანგეთის ძალისხმევა სამხედრო დახმარების მხრივ, სხვებთან შედარებით, მოიკოჭლებს.

ცვლილება მაკრონის საგარეო პოლიტიკის კურსში

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით საფრანგეთი უკრაინასთან მიმართებით ევროპის სხვა ქვეყნებს ჩამოუვარდება, 2022 წლის განმავლობაში ემანუელ მაკრონის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა იყო. ფრანგულმა გაზეთმა Le Monde მაკრონისთვის 2022 "მარტოხელა რეინჯერის დიპლომატიის" წლად დაახასიათა. ამის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით დაკავებული პოზიცია იყო.

მაშინ, როცა დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით განახლებული ერთიანობა იპოვეს და უკრაინის დახმარების გზებზე დაიწყეს მსჯელობა, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან "მოლაპარაკებების" გამართვის მნიშვნელობაზე საუბარში იყო გართული. ჯერ კიდევ თავდასხმამდე, იგი აშშ-დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების გაფრთხილებებსაც უარყოფდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. ხოლო რუსეთის სახმელეთო იერიშის შემდეგ ყოველივე საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის დირექტორს დაბრალდა და მალევე იგი თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

ომის საწყის ეტაპზე მაკრონი უარს უკრაინისთვის ტანკებისა და შორი მოქმედების არტილერიის გადაცემაზეც ამბობდა და პარალელურად ომის პირველ თვეებში პუტინთან მოლაპარაკების იმედით სატელეფონო საუბრებს მართავდა. მაკრონის ხსენებული მცდელობები მისი იმდროინდელი დიპლომატიის ნაწილი იყო, რომლის არსიც უკრაინაში რუსეთისთვის "დამამცირებელი" მარცხის მიყენებისგან თავის არიდება იყო. მსგავსი პოლიტიკის გამო მაშინდელმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა დასავლელ მოკავშირეებთან მიმართებით თქვა, რომ "ჰაერში მიუნხენის სუნი ტრიალებს". ამით, მან მაშინდელი ევროპის ზოგიერთი ლიდერის განწყობები ნევილ ჩემბერლენის მიერ ნაცისტურ გერმანიასთან გატარებულ პოლიტიკას შეადარა, რითაც უოლასმა მაკრონი ფაქტობრივად პუტინთან "დაშოშმინების" პოლიტიკის გატარებაში ირიბად დაადანაშაულა.

თავისთავად მაკრონის ეს პოზიცია შეუსაბამობაში მოდიოდა ევროპელი ლიდერების ძალისხმევასთან, რომელთა თვალშიც მაკრონის მხრიდან პუტინთან დიალოგის გაბმის მცდელობა, ერთი მხრივ, მორიგი დიპლომატიური მანევრი, და ამასთანავე დასავლეთის ერთიანი სტრატეგიისთვის მავნებლური სვლა იყო.

მაკრონმა ფერის შეცვლა მხოლოდ 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც საფრანგეთმა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად უკრაინაში ფრთოსანი რაკეტები გაგზავნა. 1-ელ ივნისს მან ბრატისლავაში გამოსვლისას უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებასა და ევროკავშირის გაფართოებას დაუჭირა მხარი. მან ასევე ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან რუსეთის საფრთხეზე გზავნილები სათანადოდ ვერ შეაფასა.

საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ მისი პოლიტიკის ცვლილების ახსნის მცდელობისას განაცხადა, რომ მაკრონი პუტინთან "დიპლომატიური გზის ბოლოში გავიდა", რაც უშედეგოდ დასრულდა. ხოლო გამოწვეული "იმედგაცრუების გამო მან [მაკრონმა] რადიკალიზაცია განიცადა".

კურსის შეცვლის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინის დახმარებისთვის ახალი გზების განხილვა დაიწყო. თუკი მანამდე ქვეყნის პრეზიდენტს პუტინის "დაშოშმინების" მცდელობაში სდებდნენ ბრალს, ახლა ფრანგი მაღალჩინოსნები უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე მსჯელობდნენ. ამ საკითხზე პირველი დისკუსია 2023 წლის 12 ივნისს თავდაცვის საბჭოს შეხვედრაზე შედგა.

საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურის, პიერ შილის თქმით, "ჯარის დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება მეტი არჩევანისთვის ყოველთვის იყოს მზად, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტს სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყოს ხელი". ამასთანავე, შილმა განმარტა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე მაკრონის განცხადება წინდაუხედავ ესკალაციის მცდელობად არ უნდა აღვიქვათ, არამედ ეს "უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური და სტრატეგიული გზავნილია".

მაკრონის კიდევ ერთი მამოძრავებელი ფაქტორი ევროპაში შეცვლილი ვითარებაა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, უკრაინის დახმარების საკითხში ახლო მომავალში თავი ერთ-ერთ მოწინავე ლიდერად წარმოაჩინოს. 2024 წლის ბოლოს და 2025-ის დასაწყისში აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში არჩევნებია დანიშნული, რაც ბუნებრივად გარკვეულ ვაკუუმს შექმნის, რომლის შევსებასაც მაკრონი შეეცდება.

საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ხანია მხარდაჭერა შემატოს იმ იდეას, რომ ევროპა აშშ-სგან "სტრატეგიულად დამოუკიდებელი" უნდა გახდეს, ხოლო ევროკავშირის როლი უნდა გაიზარდოს. პარალელურად, მას არაერთხელ უცდია უკრაინასთან მიმართებით გერმანიის ნაკლოვანებების წარმოჩენა. მაგალითად, როდესაც უკრაინაში ჯარის გაგზავნის განცხადებებს გერმანიაში კრიტიკა მოჰყვა, მაკრონმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის საწყის ეტაპებზე ბევრი ტანკებისა და შორი მოქმედების რაკეტების გაგზავნასაც ეწინააღმდეგებოდა.

"შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ამ მაგიდის გარშემო ბევრი უკრაინას საძილე ტომრებსა და ჩაფხუტებს სთავაზობდა", - განაცხადა მაკრონმა, რაც ცხადად გერმანიისკენ იყო მიმართული. ეს კი ზოგიერთის თვალში რიტორიკით საკუთარი ნაკლოვანი მხარდაჭერის გადაფარვის მცდელობად აღიქმება.

მარინ ლე პენის პირისპირ

საფრანგეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას თავის მხრივ შიდა ფაქტორებიც განსაზღვრავს. ამჯერად მაკრონის თავზე დამოკლეს მახვილივით მარინ ლე პენი და მისი პარტია ეროვნული გაერთიანებაა (RN, ყოფილი ნაციონალური ფრონტი) მოვლენილი. გამოკითხვებზე დაყრდნობით, მაკრონის პრეზიდენტობის მხარდამჭერთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია, ხოლო ლე პენის პარტია პოპულარობით წინ უსწრებს მაკრონის "რენესანსს". თუკი ეს ტრენდი 2027 წლის არჩევნებამდე შენარჩუნდა დიდი ალბათობით მაკრონი ძალაუფლებას დაკარგავს. თუმცა, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ჰორიზონტზე ევროპარლამენტის არჩევნებია ჩანიშნული, რომელშიც იგი ლე პენის პარტიის დამარცხებას შეეცდება.

ამ მხრივ მაკრონი შედარებითი უპირატესობების დეფიციტს განიცდის. ბოლო გამოკითხვებით, ეროვნული გაერთიანება ამომრჩეველთა პრიორიტეტულ საკითხებში, მათ შორის იმიგრაციის, კანონის უზენაესობისა და წესრიგის, ეროვნული იდენტობის, ევროკავშირის რეფორმებისა და გაძვირებული ცხოვრების კუთხით, წინ უსწრებს მაკრონის პარტიას.

ერთადერთი საკითხი, რომელშიც მაკრონს უპირატესობა აქვს უკრაინაა. ამ დროისთვის, ფრანგთა უმეტესობა უკრაინისთვის დახმარების გაგზავნას ემხრობა, თუმცა, ეს წარმოდგენებიც იცვლება. IFOP-ის კვლევის მიხედვით, ფრანგების 58 პროცენტი უკრაინას დადებითად აღიქვამს, მაგრამ ეს მაჩვენებელი ომის დაწყებიდან 24%-ით არის შემცირებული. ხოლო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას მხოლოდ 50% უჭერს მხარს, რაც ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ითაა შემცირებული.

რუსეთთან მიმართებით დაკავებული პოზიციების ისტორიიდან გამომდინარე მარინ ლე პენისთვის უკრაინა წამგებიანი საკითხია. მან 2022 წელს რუსულ-ფრანგული ალიანსის იდეა წამოაყენა და რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მომხრე იყო. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ლე პენის პარტიის განსხვავებული ხედვა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, როცა, მაკრონის განცხადებების შემდეგ, ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებას დაუჭირა მხარი. მთავრობის სტრატეგიის მომხრე 372 პარლამენტარი იყო, მოწინააღმდეგე - 99, ხოლო 101-მა პარლამენტარმა, ძირითადად ლე პენის პარტიის წევრებმა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა კი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლე პენი და მისი მხარდამჭერები საფრანგეთში მყოფ "პუტინის ჯარისკაცებად" მოიხსენია.

ისტორიულად ფრანგი ლიდერებისთვის ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ქულების დასაწერად საგარეო პოლიტიკას გამოყენება უცხო არ ყოფილა. შარლ დე გოლი საგარეო ფრონტზე ანტი-ამერიკულ განწყობებს ქვეყნის შიგნით NATO-ს მომხრე ძალებთან დასაპირისპირებლად იყენებდა. ხოლო 2003 წელს ერაყის ომთან ჟაკ შირაკის წინააღმდეგობა საფრანგეთის შიგნით საკმაოდ პოპულარული იყო.

აქედან გამომდინარე, აზრსმოკლებული არ არის იმის თქმა, რომ მაკრონი შიდა პოლიტიკურ თამაშში უპირატესობის მოპოვებას მკვეთრად პროუკრაინული პოზიციის დაკავებით აპირებს. ამისთვის კი იგი ცდილობს, უკრაინის დახმარების საკითხში თავი პაპზე უფრო კათოლიკედ წარმოაჩინოს.

მაკრონის მიერ უკრაინის გარშემო აგებულ საგარეო პოლიტიკას სამი ძირითადი შტო აქვს: იგი ცდილობს, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს გავლენის შედარებითი შემცირებით ისარგებლოს და ვაკუუმი შეავსოს. ამასთანავე, იგი ევროპარლამენტის წინასაარჩევნო პლატფორმის აგებას ევროპაში ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნის იდეის გარშემო ცდილობს, რომელიც აშშ-სგან ავტონომიური იქნება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ბოლოს, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი 2024 წლის 6-9 ივნისს ევროპარლამენტისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის ეროვნული გაერთიანების დამარცხებაა.

სწორედ ამ საფუძვლის ფონზე უნდა განვიხილოთ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ თებერვლის ბოლოს გაკეთებული განცხადებები. ხოლო რაც შეეხება მაკრონისთვის სასურველ "სტრატეგიულ ბუნდოვანებას", ეს ბუნდოვანების წინდაუხედავად და ღიად მიყოლით არ მიიღწევა. თუკი ამ სტრატეგიას დამაჯერებლობა აკლია და გაცხადების შემდეგ მოკავშირეები და თანამოაზრეები განმარტებების გაკეთება და თვით-ახსნა უწევთ, ეს ისევ თავდაპირველი მიზნისთვის, ანუ უკრაინის დახმარებისთვის, იქნება დამაზიანებელი.

ამის მიუხედავად, მაკრონის რიტორიკული მანევრის მიღმა გაუთვალისწინებელ დადებით შედეგად შესაძლოა ის მივიღოთ, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ მართლაც სერიოზულად დაიწყოს უკრაინაში უფრო აქტიურ ჩართულობაზე საუბარი. თუმცა, ცხადია, რომ მაკრონის განცხადებებით დამდგარი დადებითი შედეგები მისი უშუალო დამსახურება არ იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს ძალების უკრაინაში განთავსება "წარმოუდგენელი" არ არის. "ჩემი აზრით, ამას კარგი განზრახვა აქვს, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს იფიქროს, თუ რა არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი". - თქვა შიკორსკიმ.

თავის მხრივ, მაკრონის განცხადებების შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთი უკრაინაში 2 000-ჯარისკაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს. თუმცა, ამ მცდარ ცნობასთან დაკავშირებით ნარიშკინის მუქარა, რომ უკრაინაში გაგზავნილი დანაყოფები "რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური პრიორიტეტის მქონე სამიზნე გახდება", მორიგ "ჩინურ ბოლო გაფრთხილებად" აღიქმება.

კომენტარები