ემანუელ მაკრონი

მაკრონი საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას 120 მილიარდი ევროთი გეგმავს

20 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი სამხედრო ხარჯებს მესამედით გაზრდის. მისივე განმარტებით, მას აქვს ამბიცია, გარდაქმნას საფრანგეთის არმია იმისათვის, რათა ამ საუკუნის დიდ საფრთხეებს გაუმკლავდეს. 

ცივი ომის შემდგომი ეპოქის, "მშვიდობის დივიდენდის" (ტერმინი, რომელიც თავდაცვის სფეროში დაზოგილი ხარჯების სხვა დარგებზე მოხმარებას გულისხმობს) დასასრულის აღიარებით მაკრონმა თქვა, რომ 2024-2030 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი ჯარს მაღალინტენსიური კონფლიქტებისთვის ადაპტირების საშუალებას მისცემს, რაც, მისივე თქმით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური საკითხია. 

2019-2025 წლების საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 295 მილიარდ ევროს შეადგენს. მაკრონის თქმით, 2030 წლისთვის ბიუჯეტი 413 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. 

"იმის გამო, რომ ომის წარმართვა იცვლება, საფრანგეთს მზად ჰყავს და ეყოლება ჯარები საფრთხისთვის. [...] ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ". - თქვა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე საუბრისას.

მან დასძინა, რომ საფრანგეთი დიდ ინვესტიციას ჩადებს უპილოტო თვითმფრინავებსა და სამხედრო დაზვერვაში. 

მაკრონი სიტყვით იმ დროს გამოვიდა, როდესაც NATO-სა და სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები გერმანიაში რამშტაინის საჰაერო ბაზაზე იკრიბებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მსოფლიოში იარაღის სიდიდით მესამე ექსპორტიორი და ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული ძალაა, ქვეყანას უკრაინაში დასახმარებლად გასაგზავნი იარაღის სიმცირის გამო აკრიტიკებენ.

კომენტარები