თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ისევ უკრაინას ადანაშაულებს, ავადმყოფი და ცინიკური არსებაა – ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მხრიდან უკრაინისკენ მიმართულ ხელახალ ბრალდებებს გამოეხმაურა და ტერაქტში დადანაშაულების ფონზე რუსეთის პრეზიდენტს "ავადმყოფი და ცინიკური არსება" უწოდა. 

"დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ამას კვლავ ტელევიზორში აშუქებდნენ. ისევ ადანაშაულებს უკრაინას, ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათწლეულია ტერორით სწორედ ის საზრდოობს. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა, ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის აღარ იქნება, ტერორსა და ძალადობაზე მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და არავისი სხვისი". - თქვა ზელენსკიმ. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე თავდასხმაში კვლავ უკრაინა და ასევე დასავლეთი დაადანაშაულა.

"ვიცით, რომ დანაშაული ჩადენილია რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიასაც თავად ისლამური სამყარო საუკუნეებია რაც ებრძვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა გზებით ცდილობს დაარწმუნოს თავისი სატელიტები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმაში, რომ, მათი სადაზვერვო ინფორმაციით, მოსკოვის ტერაქტში კიევის კვალი თითქოს არაა, რომ სისხლისმღვრელი ტერაქტი ისლამის მიმდევრებმა ჩაიდინეს, რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს წევრებმა. ვიცით, ვისი ხელით არის ჩადენილი ეს ბოროტმოქმედება რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი. ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მივიღოთ პასუხები რიგ შეკითხვებზე. მაგალითად: ნამდვილად აინტერესებდათ თუ არა რადიკალებს, მეტიც, ტერორისტული იდეოლოგიის ისლამურ ორგანიზაციებს მიეტანათ დარტყმა რუსეთზე, რომელიც დღეს აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტის სამართლიან გადაჭრას ემხრობა?" - თქვა პუტინმა.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

კომენტარები