რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში ვიზიტით მყოფი სალივანი უკრაინას დახმარების "რაც შეიძლება მალე" გამოყოფას დაჰპირდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი, ჯეიკ სალივანი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Veronika Melkozerova/POLITICO

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი 20 მარტს კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, რათა უკრაინა დაერწმუნებინა, რომ მას კვლავ შეუძლია დაეყრდნოს აშშ-ს, როგორც ძლიერ მოკავშირეს.

სალივანის ვიზიტი გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შედგა იმის ფონზე, რომ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტზე კენჭისყრა კონგრესში ჯერ კიდევ არ გამართულა, ხოლო ნელ-ნელა იზრდება შეშფოთება, რომ დონალდ ტრამპი, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უკრაინის დახმარებას კიდევ უფრო შეამცირებს.

"ჩვენ მივიღებთ ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესში. ჩვენ მოგაწვდით ამ ფულს, რადგან ასეა საჭირო. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ დღეს გეგმა B-ზე საუბარი გვჭირდება". - თქვა სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ დახმარების ახალი პაკეტის მიღება "ძალიან გაიწელა" - "არ მაქვს არანაირი პროგნოზი, როდის გაკეთდება ეს ზუსტად, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე".

სალივანის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან: "რას აპირებდა რუსეთი? უკრაინის რუკიდან წაშლას. უკრაინელობის იდეის ისტორიიდან წაშლას. ეს არ გამოუვიდა". - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ აშშ ცხადად მიიჩნევს, რომ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და კონფლიქტიდან ძლიერი და წარმატებული გამოვიდეს. მისივე თქმით, როგორც მოკავშირემ, აშშ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინა იყოს არა მხოლოდ თავისუფალი და დამოუკიდებელი, არამედ უსაფრთხო და დაცული მომავალი რუსული აგრესიისგან.

მიუხედავად ამისა, სალივანს კიევში ყოფნის დროს არც დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოუცხადებია და არც ჭორები დაუდასტურებია იმის შესახებ, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინაში დამატებით გაგზავნოს ATACMS-ის რაკეტები.

ბოლოს სალივანი კიევში ბაიდენთან ერთად, 2023 წლის თებერვალში იმყოფებოდა.

კომენტარები