ქართული ოცნება

ოპოზიციის და უკრაინელების გამო, ევრონესტის ფარგლებში რეზოლუცია ვერ დავაინიცირეთ – ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული ოცნება აპირებდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას, თუმცა, მისი მტკიცებით, ქართული ოპოზიციისა და უკრაინული დელეგაციის გამო ეს ვეღარ მოხერხდება. 

"ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართულ ოცნებას ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს დაუჭერდა კიდევ ერთხელ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა უკრაინის პოზიციის გამო და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა ამ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება". - თქვა ბოჭორიშვილმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა კოლეგა ოპოზიციონერებს არაერთხელ შესთავაზეს, ყოფილიყვნენ რეზოლუციის თანასპონსორები, თუმცა, მათგან უარი მიიღეს.

"ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან შეთავაზება იქნა არაერთხელ გაკეთებული, რომ მათაც ხელი მოეწერათ ამ რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ასევე უკრაინის და მოლდოვას. შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, ასევე გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. მათი მხრიდან არ იქნა ინტერესი გამოხატული, რომ თანასპონსორობა გაეწიათ". - თქვა ბოჭორიშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ბრიუსელში მაკა ბოჭორიშვილის თავმჯდომარეობით გაემგზავრა, ქართული ოცნების 6 დეპუტატია, ოპოზიციიდან კი ოთხი: თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი და ანა წითლიძე.

რეზოლუციის ინიცირებისთვის საჭიროა მას მხარი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, 2 დელეგაციის, სულ მცირე, 10-მა წევრმა დაუჭიროს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასამბლეაზე დელეგაციის 10-10 წევრებით არიან წარმოდგენილი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 ყოველწლიური სესია ბრიუსელში 19 მარტს დაიწყო და დღეს, 20 მარტს დასრულდება.

კომენტარები