ლგბტ მოძრაობა რუსეთში

რუსეთში გეი კლუბის ორ თანამშრომელს "ლგბტ ექსტრემიზმის" ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს

რუსეთში, ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა გეი კლუბ Pose-ის ადმინისტრატორსა და არტ დირექტორს, რომლებსაც ბრალად "ექსტრემისტული ორგანიზაციის" აქტივობების ორგანიზება ედებათ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთში სასამართლომ ადამიანებს პატიმრობა გასული წლის ბოლოს მიღებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" ამკრძალავი კანონის ფარგლებში მიუსაჯა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიანა კამილიანოვა და ალექსანდრ კლიმოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 მაისამდე იქნებიან. "ექსტრემისტული აქტივობების ორგანიზების" დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები "არატრადიციული ორიენტაციის პირები" არიან, რომლებიც "მხარს უჭერენ საერთაშორისო ლგბტ ორგანიზაციების ხედვებსა და აქტივობებს, რაც რუსეთში აკრძალულია".

როგორც განცხადებაშია დაკონკრეტებული, კლუბის არტ დირექტორს შოუებისთვის დრეგ არტისტების არჩევაში ედება ბრალი, ადმინისტრატორს კი მათი პერფორმანსების გადაღებაში.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა" ექსტრემისტულად მიიჩნია და რუსეთის ტერიტორიაზე მათი აქტივობა აკრძალა. მომდევნო დღეებში რუსეთის პოლიციამ მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში მდებარე ლგბტ კლუბებსა და ბარებში რეიდები გამართა.

კომენტარები