გელათის რეაბილიტაცია

მთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მილიონი ლარი გამოუყო

გელათის ტაძარი

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საპატრიარქოს 7 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას, რომელიც 18 მარტით თარიღდება, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ თანხა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო და ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა - ამ სააგენტოს კი, გელათის სარებაილიტაციო სამუშაოებისთვის, ფულის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადარიცხვა დაევალა.


2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

კომენტარები