გელათის რეაბილიტაცია

მდგომარეობა ზოგ შემთხვევაში კრიტიკულია – გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ანგარიში წარადგინა

გელათის ტაძარი

დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ექსპერტების თქმით გელათში დაზიანებების პროცესი კვლავ აქტიურია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მდგომარეობა კრიტიკულია.

"კვლევები ადასტურებს, რომ დაზიანებების პროცესი გელათში კვლავ აქტიურია და მიმდინარეა. განსაკუთრებით იმ არეალებში, სადაც მოხდა დაზიანება და სადაც მოხდა საკონსერვაციო ჩარევა. რაც შეეხება დანაკარგს, დანაკარგი, რა თქმა უნდა, არის. დანაკარგიც მიმდინარეა და მომავალშიც იქნება, ვინაიდან იმდენად რთული და მძიმე ჩარევა არის განხორციელებული რომ, სამწუხაროდ, დღესდღეობით, საკონსერვაციო სივრცეში არ არსებობს ამ პროცესის დაჩქარების რაიმე ტიპის მექანიზმი. მდგომარეობა ზოგიერთ შემთხვევაში არის კრიტიკული და საჭიროა გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევების განხორციელება მოხდება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში". - თქვა კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა.

ექსპერტების მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისთვის, კომიტეტმა მოამზადა ორი საინჟინრო გადაწყვეტის პროექტი. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "რთული რეალობის მიუხედავად", კედლის მხატვრობის და მოზაიკის კონსერვაციის უმაღლესი დონის ექსპერტებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

"დღეს, მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი აქტიურად ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად, ამისათვის დაწყებულია შესაბამისი საკონსერვაციო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის ზრუნვა". - წერია  საქმიანობის ანგარიშში.

რეაბილიტაციის კომიტეტის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ შეიქმნა კედლის მხატვრობის მდგომარეობის და ორიგინალი ტექნოლოგიის ზუსტი გრაფიკული სქემები, რეაბილიტაციის პროცესში კი ლოკაციებს პრიორიტეტი დაზიანებათა ხარისხის გათვალისწინებით მიენიჭება. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობისა და წმინდა გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და თქვა, რომ გელათის დროებითი გადახურვის პროცესი მალე დაიწყება.

"წყალი აღარ ჩამოდის, ეს ერთი მნიშვნელოვანია. შეიქმნა ძალიან დეტალური პროექტი დროებითი გადახურვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ შემდგომში ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, იყოს აღმოფხვრილი. დროებითი გადახურვის პროექტი დამთავრებულია. არის ორი გზა, რომელზეც იუნესკოს მიერ საბოლოოდ უნდა იქნას დასკვნა მიღებული. თუმცა, მისი სტრუქტურის ძირითადი ნაწილის დამზადება მიმდინარეობს. ეს ხდება გერმანიაში, გერმანელ ინჟინრებთან ერთად და ძალიან მალე უკვე დაიწყება პროცესი". - თქვა ლორთქიფანიძემ.


15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

კომენტარები