საქართველოს საპატრიარო

საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 5 მლნ-ით იზრდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

მთავრობის განკარგულებით, ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 30 მილიონიდან 35 მილიონ ლარამდე იზრდება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. 

კობახიძისვე დაზუსტებით, გარდა აღნიშნული 35 მილიონი ლარისა, რომელიც კონკრეტულად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროგრამებს შეეხება, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის დამატებით 25 მილიონი ლარიც არის გამოყოფილი.

"რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მლნ-ით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ, მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მლნ, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისად განხორციელდეს.  

ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით". - ამბობს კობახიძე. 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N375 განკარგულებაში უკვე აღნიშნულია - დოკუმენტი 15 მარტით არის დათარიღებული.

კომენტარები